logo
ENG



"მოკვლით დამუქრება, იარაღის ჩარტყმა" - საგამოძიებომ ძალადობაში 4 სამართალდამცავი ამხილა

25 ივლ 202310:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/8u8tcaonn7vuqil.jpg

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ივნისი-ივლისის თვეში თბილისში 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. აღნიშნულ სამართალდამცავებს ბრალად ედებათ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ოჯახში ძალადობა, მუქარა და ა.შ.

განცხადების თანახმად, დანაშაულში მხილებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც მაისში შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს.

"იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ასევე დაკავებულია შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ყოფილ ცოლს 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, მაისში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალი წარედგინა.

ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დანაშაულში ამხილეს პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პოლიციელმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. პროკურატურამ აღნიშნულ პოლიციელს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი რომელმაც მარტში ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, მაისში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა. საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.


close დახურვა